შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ახალგორელი მოხუცებისთვის და მათი ნათესავებისთვის ერთჯერადი საშვები გაიცემა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ახალგორში მცხოვრები მარტოხელებისა და ხანდაზმულების ნათესავებისთვის ერთჯერადი სამოგზაურო საშვები გაიცემა, რათა მათ დაუბრკოლებლად გადალახონ რაზდახანის (მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი.

„უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენინგორის რაიონის მარტოხელა და ხანდაზმული მაცხოვრებლების ნათესავებს უფლება აქვთ მიიღონ ერთჯერადი საშვი რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთისთვის, რათა დაეხმარონ ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში ზამთრის პერიოდისთვის, რესპუბლიკის კგბ-სთან შეთანხმებული ნუსხის მიხედვით საშვის გაცემის დღიდან 3 თვის ვადაში“, – აცხადებენ დე ფაქტო პრესსამსახურში.

გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს ანატოლი პლიევს.

მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში იხსნება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები მოინახულონ, აიღონ პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისით.

წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დევნილები კი, პირიქით, ოკუპირებულ დაბაში ბრუნდებიან ხოლმე ნათესავების მოსანახულებლად, თუმცა გადაადგილების უფლებით ყველა ახალგორელი ჯერ ვერ სარგებლობს, რადგან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა.

ბოლო ორი თვეა საშვების გაცემა საერთოდ შეწყდა, რამაც დაბაში უკმაყოფილება გამოიწვია. დაახლოებით ერთი თვის წინ ახალგორში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც იმყოფებოდა, რომელმაც პირობა დადო, რომ საშვების გაცემის პროცესი აღდგებოდა და სამგზავრო დოკუმენტს პირველ რიგში ის პირები მიიღებდნენ, რომელთა ნათესავები მუდმივად ცხოვრობენ დაბაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რაზდახანის” (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა, ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას გასული წლის 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს – დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.