შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა.

მისივე განმარტებით, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

„გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა. 

ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია.

გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია.

აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.

ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს.

ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.