შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბოლნისში მომხდარი ავარიისას არასრულწლოვნების დაღუპვის ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარუდგინეს – რა მოხდა შემთხვევის ადგილას

საქართველოს პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, “მერსედესის” და “ოპელის” მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.