შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და გაუჩინარდა

რუმინეთში, გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა, მას ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მცურავი საშუალება ღუზაზე მდგომი იყო, _ ინფორმაციას “ბათუმელები”ავრცელებს.

მეზღვაურის გაუჩინარების ფაქტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს,”- განმარტავენ სააგენტოში.