შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე – რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა

ვინც, სამწუხაროდ, მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი – რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან მძიმე სპეკულაცია უწოდა განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა. როგორც კობახიძემ განმარტა, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო სრულად შესაძლებელი.

„ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის, უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, ამიტომ ვინც, სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. თავიდანვე პირველივე საათებში ჰქონდა შსს-ს სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის საშუალება, ყველაფრის იდენტიფიცირების საშუალება და რეალობა იყო, სამწუხაროდ, ასეთი, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი და ვისაც არ მისწვდა – მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, დრონები იყო ადგილზე, მუშაობდნენ დრონების გამოყენებით სამაშველო სამსახურები და თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა რეალურად სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური.

როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვით საშუალებით, აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა დამონტაჟებული ვერტმფრენში, რომელიც იძლევა ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას. იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს. ვერტმფრენები თავისი ღამის ხედვით აპარატურით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის გამოყვანა ლოკაციიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია იყო სრულად დათვალიერებული მანამდეც, ბუნებრივია, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო სრულად შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი. ეს არის რაც განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რომ ყოფილიყო საჭირო ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით უბრალოდ არ არსებობდა“,- განაცხადა კობახიძემ.

ის ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც: „ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში… რომელიც “წარმატებით” შეახოცავს ხელს მორიგ “განტევების ვაცს” და ამით დაასრულებს ამ თემას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ე.წ. ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები.

ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში სხვადასხვა დროს არაერთგზის აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება, აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო და მხოლოდ ასეთმა ე.წ ექსპერტებმა შეიძლება განავითარონ ასეთი აზრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.