შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კლინიკებს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც შეამოწმებენ

1-ლი აგვისტოდან კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები შევიდა ძალაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტოს უფლება ექნება გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს სამედიცინო დაწესებულებასა თუ ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში, თუმცა ამის შესახებ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს.

მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები და ასევე ის, თუ რა შეიძლება გახდეს ახალი კანონმდებლობით მონიტორინგის საფუძველი.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კონტროლის განხორციელების საფუძველი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიძლება, იყოს:

  • პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი;
  • ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილ იქნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.