შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლატვია ათასზე მეტ რუსს ქვეყნიდან ენის უცოდინრობის გამო გააძევებს

ლატვიამ ქვეყნიდან შესაძლოა, რუსეთის ათასზე მეტი მოქალაქე გააძევოს, რომლებმაც 30 ნოემბრამდე ლატვიური ენის გამოცდა არ ჩააბარეს და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საბუთები არ წარადგინეს. ამის შესახებ ქვეყნის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, მაირა როზემ TV3-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის მისაღებად საბუთები დროულად არ წარუდგენია, რის გაკეთებასაც ახლა ცდილობენ, თუმცა ეს დაგვიანებულია და მათ ქვეყნიდან წასვლა მოუწევთ.

„კაცი არ მუშაობს და არც ოჯახი ჰყავს, ანუ არაფერი აქვს იმისთვის, რომ ლატვიაში დარჩენა შეეძლოს,” – აცხადებს მაირა როზე.

მისი მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრებმა, დაახლოებით, 2,5 ათასმა რუსმა დასარჩენად „არაფერი გააკეთა“ ან ენის გამოცდა ვერ ჩააბარა. ამასთან, სამმართველო ამოწმებს, გაემგზავრა თუ არა ზოგიერთი მათგანი რუსეთში ევროპის სხვა ქვეყნების გავლით.

ჩინოვნიკი აზუსტებს, რომ მთლიანობაში, ლატვიაში, დაახლოებით, 15,5 ათასმა რუსმა მუდმივი, ხოლო 3 ათასმა დროებითი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა.