შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მიშელი აცხადებს, რომ უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის

უკრაინა შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტიმა, შარლ მიშელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ საუბრისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ასეთი სცენარის განვითარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას“.

„უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად – მალე და არა ოდესმე“, – დასძინა შარლ მიშელმა.

კითხვაზე, რას მიიჩნევდა მიშელი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობის დროს ყველაზე სერიოზულ წარუმატებლობად, მან აღნიშნა: „ჩვენ ვერ შევძელით რუსეთის შეჩერება, რომ მათ ვერ მოეხერხებინათ უკრაინაზე თავდასხმა. ამის შედეგები კი საშინელია“.