შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რისკ-ჯგუფებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება – თამარ გაბუნია

რისკ-ჯგუფებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლის და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე და აუცილებლად უნდა მიგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის, მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეულ რაოდენობა ვაქცინას, იმისთვის რომ როგორც კი დადგება ორსულობა აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას, აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.