შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოში სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფირების გზით მხოლოდ 6 თვეში 976 ბავშვი გაჩნდა

2023 წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით 976 ბავშვი გაჩნდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

უფრო კონკრეტულად ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სუროგაციის გზით – 517, ხოლო ინ ვიტრო განაყოფიერების მეშვეობით 457 ახალშობილი დაიბადა.

რაც შეეხება გასული წლების მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველოში სუროგაციით – 806, ხოლო ინ ვიტრო განაყოფიერებით – 1 110 ბავშვი დაიბადა, 2021 წელს კი სუროგაციით დაბადებული 308 და ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით დაბადებული 719 ბავშვი დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა 2023 წლის ივნისში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით კი, ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება დაშვებული.

როგორც მინისტრმა განმარტა, შეეცდებიან, რომ აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული ტემპებით განიხილოს და დაამტკიცოს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი წყვილებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს, რადგან უცხოელი პაციენტები მნიშვნელოვან როლს შეადგენენ ამ ბაზარზე.