შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“უფრო დაცხება, წყლის დეფიციტი იქნება, იწვიმებს იშვიათად, მაგრამ ძლიერად” – რა ელის საქართველოს კლიმატის ცვლილების პირობებში?!

რატომ არის წლევანდელი ზაფხული ასეთი ცხელი, რამ გამოიწვია კლიმატური ცვლილება, როგორი იქნება მომდევნო პერიოდები და როგორ მოვუაროთ ბავშვებს თუ საკუთარ თავს გაუსაძლისი სიცხისას, ამ და ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო კითხვებზე “კვირის პალიტრა” სპეციალისტებს ესაუბრა:

„ნელ-ნელა დავდგებით რეალობის წინაშე, როცა საქართველოში კონკრეტული მყინვარები გაქრება“

ილიაუნის პროფესორი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების არაერთ კვლევაში მონაწილეობს. ის დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხებს:

– ცხადია, საქართველო გლობალური სისტემის ნაწილია, მათ შორის კლიმატითაც. ამიტომ თუ გლობალურად რამე იცვლება, ეს ჩვენზეც აისახება. ახლა ამოცანა ის არის, ამჟამინდელი ცვლილება ჩვენს ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს. ამასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები, კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარი, რომლებიც დამოკიდებულია ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევაზე. თუ სამრეწველო ობიექტებისგან დიდი რაოდენობით აირები გაიფრქვევა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, სხვანაირი სიტუაცია შეიქმნება, თუ შემცირდება – სხვანაირი და ა.შ. ყველა სცენარში ნაკლები ინტენსივობით ჩანს, რომ საქართველოში შემცირდება ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, ეს კლიმატური მონაცემია. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ წელს გაიზარდოს, მაგრამ საბოლოოდ ტრენდი შემცირებისკენ იქნება; ამის მიუხედავად, გაიზრდება ერთეულოვან დროში მოსული წვიმის რაოდენობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, იშვიათად იწვიმებს, მაგრამ როცა იწვიმებს, იქნება ძალიან ინტენსიური წვიმა, მაგალითად, ისეთი, როგორიც ვერეს ხეობაში 13 ივნისს მოვიდა.

აღმოსავლეთ საქართველოში გვალვიან დღეთა რაოდენობა გაიზრდება და შემცირდება წვიმიანი დღეები. ეს კი წყლის დეფიციტს მოასწავებს. ჩვენთან ასეთი ლეგენდა არსებობს, საქართველო წყალს მიაქვს, 26 ათასი მდინარე გვაქვსო. სინამდვილეში, თუ ნახავთ სტატისტიკას, 25 კილომეტრზე უფრო გრძელი 26 ათასი მდინარიდან სულ რამდენიმე პროცენტია, დანარჩენი ნაკადულებია. დასავლეთ საქართველოში კი გვაქვს ჭარბი წყლის რაოდენობა, მაგრამ აღმოსავლეთში – არა, იქ უკვე დეფიციტი გვაქვს. არადა, ახლა შევდივართ კლიმატის ცვლილების პერიოდში, ჯერ პირველ ეტაპზე ვართ. სამაგიეროდ, დასავლეთ საქართველოში გვაქვს ილუზია იმის, მდინარეში ბევრი წყალია. ეს ილუზია განპირობებულია იმით, რომ კლიმატის გლობალური ცვლილების გამო იზრდება ჰაერის ტემპერატურა. ეს იწვევს მყინვარების ინტენსიურ დნობას, რომელთა წყალი მდინარეში ხვდება და ეს გვაფიქრებინებს, რომ ბევრი წყალი გვაქვს, მაგრამ მყინვარი არ არის ამოუწურავი რესურსი. ის ძალიან მალე დნება, ეს შოვის მაგალითმაც გვაჩვენა და არც ისე შორ მომავალში ნელ-ნელა დავდგებით რეალობის წინაშე, როცა საქართველოში კონკრეტული მყინვარები გაქრება.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დანამატი სინოტივეა. იმ პერიოდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ჰაერში შესაძლებელია უფრო მეტი ორთქლის ჩატევა – ანუ ამინდი შეიძლება უფრო ტენიანი გახდეს. ეს ნიშნავს, რომ უფრო მარტივია ინტენსიური წვიმის წამოსვლა, იმიტომ, რომ წყალში თუ ბევრი ორთქლია, მისი კონდენსაციის შემთხვევაში უფრო მეტი წვიმა მოდის. მაგრამ თუ ეს წვიმა ინტენსიურად წამოვა, გამოიწვევს წყალგროვას, ღვარცოფს ან მეწყერს, მაგრამ, მერე გავა დღეეები, კვირები ისე, რომ წყალი არ წამოვა, რაც ნიშნავს ნიადაგის, მცენარეების გამოშრობას, ტყის ველურ ხანძრებს.

მოკლედ, პროგნოზი ასეთია – კლიმატით უფრო დათბობისკენ წავალთ, უფრო გვალვისკენ, ნოტიო ჰაერისკენ, მაგრამ იქნება გამონაკლისი წლებიც.

– კლიმატის ცვლილება რამ გამოიწვია?

– ბევრი ფაქტორის დასახელება შეიძლება, როგორც მზის აქტივობის ციკლებით დაწყებული, ისე დედამიწაზე მიმდინარე ციკლური მოვლენებით დამთავრებული, მაგრამ ეს ბუნებრივი დათბობის გეოლოგიური ხანა, რაც ახლაა, გამძაფრებულია ადამიანის ჩარევითაც. რომ არა ადამიანის ჩარევა, ასეთი დრამატული სცენარი არ განვითარდებოდა.

– ადამიანის ჩარევის რომელ მაგალითებს ჩამოგვითვლით?

– მაგალითად, ატმოსფეროში სათბურის ეფექტის აირების გაფრქვევა. შეადარეთ თქვენი შეგრძნება, როცა ხართ ტყეში, ბალახიან გარემოში, და მეორე მხრივ, როცა ხართ განაშენიანებულ ტერიტორიაზე, – ასფალტიან და კორპუსებიან ადგილას. ბუნებრივია, მეორე შემთხვევაში ბევრად ცხელა, გამომდინარე ასფალტის თვისებებიდან, პლუს კორპუსები – ანუ უბნები, რომლებიც წინა ათწლეულში არ იყო ბეტონით დაფარული, იყო გრილი, დღეს კი უკვე დაფარულია ბეტონითა და ასფალტით და შესაბამისად, ცხელია.

განაგრძეთ კითხვა