შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“ფარმსახლმა” “დოიჩე აფთიაქი” შეიძინა – რა შემოსავალი აქვთ კომპანიებს

დღეს კომპანიებმა “ფარმსახლმა” და “დოიჩე აფთიაქმა” გაერთიანების შესახებ განაცხადეს. გაერთიანებული კომპანიები ევროპული სააფთიაქო ალიანსის ბრენდით (The European Pharmacy Alliance) გეგმავენ საქმიანობის გაგრძელებას. ამ გაერთიანების შედეგად შექმნილი სააფთიაქო ქსელი მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქციის არჩევანის გაფართოებას გეგმავს, რაც ბაზარზე ახალი ბრენდების შემოყვანის შედეგად მოხდება.

კომპანიების მენეჯმენტებში აცხადებენ, რომ ახალი სააფთიაქო გაერთიანების შექმნა, რომლის კონცეფციაც სრულად ევროპულ სტანდარტზე იქნება დაფუძნებული, მომხმარებლის მხრიდან განსხვავებული მომსახურების მიღების მოთხოვნამ განაპირობა. სააფთიაქო ქსელის გაფართოება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, ახალი ევროპული ბრენდების შემოტანა საქართველოში და ხარისხიან პროდუქტებზე მომხმარებლის ხელმისაწვდომობის გაზრდა მათი პრიორიტეტია. გაერთიანების შედეგად, “ევროპული სააფთიაქო ალიანსის ქსელი” 60 აფთიაქს მოიცავს.

“დოიჩე აფთიაქი” საქართველოს ბაზარზე 2020 წლის ბოლოს გამოჩნდა, კომპანია “ფარმაცევტული სახლი +” კი 2007 წლიდან არსებობს და ბაზარზე “ფარმსახლის” ბრენდით ოპერირებს.

ამჟამად ფინანსური მაჩვენებლები ამ კომპანიებს შორის მხოლოდ “ფარმსახლს” აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სააფთიაქო ქსელის გაყიდვებმა 53.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, აღნიშნულ წელს კომპანიას მოგების ნაცვლად 1.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად თანახმად, “ფარმსახლის” ძირითადი პარტნიორია ბიზნესმენი იონა ქობულია, რომელიც ბიზნესის რეესტრის მიხედვით, 30 ივნისიდან დოიჩე აფთიაქის 100%-იანი წილის მფლობელადაც ფიქსირდება.