შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება – ერთი რეცეპტით პაციენტები აფთიაქებში 3 თვის სამყოფ მედიკამენტებს მიიღებენ

მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გაფართოვდა – ლილი ბარნაბიშვილს თვალის სამკურნალო მედიკამენტები მუდმივად ესაჭიროება. “კურიერის” რესპონდენტი მრავალი წელია გლაუკომას ებრძვის. თვეში ერთხელ 6 დასახელების სხვადასხვა პრეპარატის, საკვები დანამატების და ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლების ყიდვა უწევს. დღემდე, თანხის ნაწილს სახელმწიფო უნაზღაურებდა გარკვეული ფინანსების დამატება თავადაც უწევდა. ახალი გადაწყვეტილებით, ბარიერი სრულად მოიხსნა და მისთვის საჭირო მედიკამენტები სრულად დაუფინანსდება.

კიდევ ერთი რესპონდენტი, მზია ქაჯაია, რამდენიმე ქრონიკულ დაავადებას ერთდროულად მკურნალობს. საჭირო მედიკამენტების შესაძენად დანაზოგი თანხის დახარჯვა არც მას მოუწევს. 4 დასახელების წამალს მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს.

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის გაფართოვების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ახალი დადგენილებით, შესაბამისი სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო წამლებს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.

ასევე სრულად ფინანსდება: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება, პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა უნდა მიმართოს იმ ამბულატორიულ დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, გამოწერილ წამალს, ნებისმიერი სააფთიაქო ქსელში იყიდის. ერთი რეცეპტით მხოლოდ 3 თვის სამყოფი პრეპარატის მიღება არის შესაძლებელი.

ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების ახალი პროგრამა კვირის ბოლოდან ამოქმედდება.