შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ყვიროდნენ, აგინებდნენ ერთმანეთს… ეს რა გააკეთე, ბიჭო, მოკვდა ბავშვიო…“ – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“კურიერი” სამტრედიაში ადგილობრივებს გაესაუბრა, რომელთაც “კრიმინალური ავტორიტეტის” მკვლელობის პროცესში გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ გასროლის ხმა გაიგო, შემდეგ კი – გარდაცვლილის თანმხლების ხმა, რომელიც სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.

“ყვიროდნენ ბიჭები, აგინებდნენ ერთმანეთს და შემდეგ მოხდა გასროლა. ერთი ბიჭი იყო და ამბობდა: “რა ქენი ბიჭო, რა გააკეთე ეს ბიჭოო”. ისინი გაიქცნენ, ეს დარბოდა და “ჩქარა, სასწრაფო, ჩქარა, სასწრაფო, მოკვდა ბავშვიო”. ვიღაც თანმხლები იყო, სახე არავისი არ მინახავს. კიოდა, ტიროდა, ყველაფერს შვრებოდა ის ბავშვი,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტი” კობა მეფარიშვილი მოკლეს. მას “ყრუს” მეტსახელით იცნობდნენ. მკვლელობა მატარებლის ლიანდაგებზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. გარდაცვლილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი და ის მრავლობითი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

“კურიერის” ინფორმაციით, მეფარიშვილის სახელი წარსულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უკავშირდება. არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.