შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არის აუცილებელი დეპუტატის ხელფასების 78%-იანი გაზრდა?

საქართველოს პარლამენტის წევრების ანაზღაურება იზრდება – ამას ითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების საბაზისო ანაზღაურება 3,626 ლარით იზრდება და 8,250 ლარს მიაღწევს. ეს 78%-იან ზრდას წარმოადგენს. ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შალვა პაპუაშვილმა განმარტა ამ ცვლილების მიზანი. მისი თქმით, წლებია დეპუტატის ხელფასი უცვლელია, შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც პარლამენტის აპარატში დასაქმებულებს რიგ შემთხვევაში უფრო მაღალი ხელფასები აქვთ ვიდრე თავად დეპუტატებს. ამასთან პაპუაშვილის თქმით, იმისთვის რომ გარკვეული უხერხულობა მოიხსნას, ხელფასები შემდგომი მოწვევის პარლამენტს გაეზრდება.

“პარლამენტის წევრების ანაზღაურება ბოლო 10 წელია არ შეცვლილა. მანამდე ცვლილება იყო 2012 წელს, როდესაც პარლამენტი გადავიდა ქუთაისში, მოხდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატის შემოღება და ამით გაიზარდა ხელფასი. უნდა ითქვას, რომ მანამდე რა პრაქტიკაც იყო, გაიცემოდა პრემიები ხელფასის ორმაგი სამმაგი და ოთხმაგი ოდენობით. 2012 წელს პრემიები გაუქმდა და მოხდა დეპუტატის ხელფასის ზრდა და ასე შენარჩუნდა დღემდე.

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა მიმდინარეობს, ახლაც არის 10%-იანი ზრდა და მხოლოდ 3 წელში 30%-იანი მატება იქნება ხელფასების. ამას გამოიწვია ის, რომ პარლამენტის აპარატში უკვე მუშაობს 48 პირი, ვისაც დეპუტატზე მაღალი ანაზღაურება აქვს. ხელფასის 10%-იანი ზრდის პირობებში კი 61 ადამიანი დაემატება ადმინისტრაციაში ვისაც დეპუტატზე მაღალი ხელფასი ექნება.

შეიძლება იყოს გარკვეული უხერხულობა, რომ პარლამენტის წევრი თავის თავს შეიძლება უზრდიდეს ხელფასს, ამიტომ შემოთავაზებულია, რომ ეს ანაზღაურება გაიზარდოს 2025 წლის 1 იანვრიდან ანუ მომავალი მოწვევის პარლამენტიდან, სადაც წინასწარ რთულია განჭვრეტა თუ ვინ იქნება კონკრეტულად პარლამენტის წევრი,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტით 3260 ლარით იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება და ის 10,000 ლარს მიაღწევს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 2,910 ლარით ₾9,250-მდე; კომიტეტის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის – 3,460 ლარით ₾9,000-მდე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის 3 760 ლარით 8,500 ლარამდე.

გარდა აღნიშნულ პირთა წრისა, ხელფასის ზრდა ასევე შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსაც, რომლის ანაზღაურებაც გათანაბრებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოსთან. შესაბამისად, უმრავლესობის ლიდერის შრომის ანაზღაურება გაიზრდება ასევე 2,910 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ.

კანონპროექტის ავტორთა კალკულაციით, სახელფასო მატება საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება.