შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შალვა პაპუაშვილი – ისე ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოში ითხოვს ბარიერის დაწევას, ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირი ითხოვს საარჩევნო ბარიერის დაწევას, სინამდვილეში ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა.

აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა ხელისუფლება ევროკავშირის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულებას და ამ ნაწილში საარჩევნო ბარიერის დაწევა თუ ამოიკითხა.

„არათუ მე არ ამოვიკითხე, ოპოზიციამაც კი არ ამოიკითხა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბარიერი პრობლემა არ არის, ევროკავშირი აცხადებს, რომ 5% არის ადეკვატური. [ბარიერის დაწევაზე საუბარი] საბოლოო ჯამში, ეს არის მანიპულაციის პრობლემა და პირველი რეკომენდაცია სწორედ ამას, დეზინფორმაციას შეეხება, მათ შორის ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ისე ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოში ითხოვს ბარიერის დაწევას. ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია, ამიტომ პირველი რეკომენდაციის ხათრით, ყველას მოგიწოდებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით ანტიევროპულ დეზინფორმაციის გავრცელებას შევეშვათ! რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში შემდეგ იწვევს გაბრაზებას, რომ რატომ შეიძლება ვინმემ მოითხოვოს ბარიერის დაწევა და ა.შ. და შეიძლება შემდეგ იწვევდეს ნეგატიურ განწყობებს ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა, ვინც დღეს ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირი ითხოვს ბარიერის დაწევას სინამდვილეში ეწევა ანტიევროპულ დეზინფორმაციულ კამპანიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც 12 რეკომენდაცია შესრულდა წარმატებით, ზუსტად ასეთივე წარმატებით აპირებენ 9 რეკომენდაციის შესრულებას.