ირაკლი მამალაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს პროკურატურაში უჩივის

 

 

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე „რუსთავი2“-ს პროკურატურაში უჩივის.

 

24 ივნისს „კურიერში“ გასულ რეპორტაჟში, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად მსჯავრდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტად დაასახელა.

 

ირაკლი მამალაძემ პროკურატურას მიმართა და ჟურნალისტები და ასევე ირაკლი ფირცხალავა მასზე, როგორც ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეზე ზემოქმედებაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. ირაკლი მამალაძემ საგამოძიებო უწყებას კვირას, არასამუშაო დღეს მიმართა და პროკურატურამ განცხადების ჩაბარებისთანავე დაიწყო საქმის მოკვლევა.

 

დღეს ირაკლი მამალაძის ადვოკატი, ლალი აფციაური, გამოძიების დეტალების გასარკვევად პროკურატურაში იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავასთან მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფირცხალავასთან შეხება არ ჰქონია.  

 

„ინფორმაცია გავრცელდა მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე. რა თქმა უნდა, აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, მან ჩათვალა, რომ მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ეს ასეც არის… ერთადერთი ირაკლი რაზეც საუბრობს, ეს არის, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გასვლა,“ – განაცხადა ლალი აფციაურმა.

 

ლალი აფციაურმა პროკურატურიდან დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ირაკლი მამალაძე დღეს პროკურატურაში არ გამოჩენილა და არც მედიაში გაუკეთებია განცხადება.

 

ირაკლი მამალაძის ბრალდებებსა და ამ ბრალდებების ადრესატების პასუხებს „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში იხილავთ. 

Related posts