რა გამოიწვევს გორში ტურისტების რაოდენობის ზრდას?!


 

გორის ციხის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მოსახლეობა შეშფოთებას გამოთვამს და აღნიშნული ტერიტორიის ქალაქის ბალანსზე გადაცემის მომხრეა. საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს, მათ გორის ციხის ქალაქის ბალანსზე გადასვლის იდეა, რამდენჯერმე გააჟღერეს.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის მიშა ჩიტაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისტორიული მნიშვნელობის ციხე მერიის ბალანსზე იქნება, უფრო მეტი ყურადღება მიექცევა.

“ჩვენ ვმუშაობთ და გვინდა გახდეს ტურისტული ცენტრი გორის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამისათვის კი აუცილებელია  განისაზღვროს ქონების მეპატრონე. უფრო უპრიანია თუ იქნება მუნიციპალიტეტი, თუ მესაკუთრე იქნება ქალაქი. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გორის ციხემ ხელი შეუწყოს ტურისტების მოზიდვას.“-განაცხადა “თრიალეთთან“ საუბრისას მიშა ჩიტაძემ.

 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, სახელმწიფო ორგანო, რომლის ბალანსზეც გორის ციხე ამ დრომდე იმყოფება ვალდებული იყო, ხანძარ საწინააღმდეგო სამუშაოები ჩაეტარებინა.

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფი ობიექტის ხანძარ საწინააღმდეგო ღონისძიებების მიღებისა და მათი განხორციელების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოებს ეკისრება, ან კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ანუ ვის ბალანსზეც ირიცხება ესა თუ ის ქონება, ის არის ვალდებული, უზრუნველყოს ხანძარ საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და შემდეგ უკვე განხორციელება. ამ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროა, იქიდან გამომდინარე რომ გორის ციხე კულტურის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება უწყება ვალდებული იყო უზრუნველეყო შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, რათა არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა“-აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ლექსო მერებაშვილმა.

 

 

გორის ციხის მერიის ბალანსზე გადაცემას ემხრობა ადილობრივი მოსახლეობის ნაწილიც. მათი თქმით, თუ ციხე ქალაქს დაექვემდებარება მას უკეთ მოუვლიან, რაც გორის ტურისტულად განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

“რა თქმა უნდა უნდა გადმოვიდეს, რომ ყურადღება მიაქციონ. შენ თუ არ მიაქციე შენს ქონებას ყურადღება, აბა სხვა ვინ მიაქცევს. ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორია. მარტო იმდენი ძაღლია აქ რომ, ვერც ერთ ტურისტს ვერ გაუვლია ნორმალურად. „-განაცხადა ქალაქის მკვიდრმა მაყვალა მირუაშვილმა.

 

 

გიორგი დვალიშვილის განცხადებით კი გორის ციხის ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე გადატანა ტურისტების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.

“გორის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია რომ ის ტურისტული ობიექტები, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა გადმოვიდეს ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა ამ ობიექტებს და შესაძლოა ამან ტურისტების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს“.-განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

 

შეგასხენებთ რომ რამდენიმე დღის წინ გორისციხის ტერიტორიაზე ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. სამაშველო სამსახურმა ხანძრის ჩაქრობა 20 წუთში შეძლო.

 

ჟურნალისტი – დარინა ერაძე 

Related posts