უკრაინის ვიცე-პრემიერი ხურვალეთში იმყოფებოდა

 

 

 

უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.


პავლო როზენკოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ადგილზე გააცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება. პავლო როზენკო მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრა და მიიღო ინფორმაცია ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს ადგილობრივებს ექმნება.


უკრაინის ვიცე-პრემიერმა რუსეთი არასტაბილურობის წყაროდ დაასახელა მსოფლიოში და განაცხადა რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კი საქართველო უკრაინას შეადარა. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება.

ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის იქით დარჩენილი დათა ვანიშვილისა და რუსეთის აგრესიის სანახავად რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. პეტრო პოროშენკომ საკუთარი თვალით ნახა მცოცავი ოკუპაცია რასაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. 

Related posts