აზერბაიჯანის სასამართლო აფგან მუხთარლის საქმეზე მსჯელობს

 

 

 

აზერბაიჯანის სასამართლომ დღეს თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესი უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.


მოსამართლეს სიტყვით აფგან მუხთარლის ადვოკატი მიმართავს. დაცვის მხარე ჟურნალისტის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან ქართველი სამართალდამცველების დახმარებით გაიტაცეს.

სასამართლოში იმყოფებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისმხარდამჭერები. მათი განცხადებით, აფგან მუხთარლის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„ის ყოველთვის ყველაფერს ობიექტურად აშუქებდა. წერდა ყველაფერზე რაც ხდება. ის არაფერში არ არის დამნაშავე. გადმოვიდა საზღვარზე და რატომ დააკავეს არავინ იცის,“-განაცხადა აზად ბაირამოვმა.  

ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. პროცესს ესწრება ადამიანის უფლებათა სახლის და 42-ე მუხლის წარმომადგენელი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩავიდა.


„აზერბაიჯანის დატოვება მოუწია სწორედ იმ გარემოების გამო და იმ შეზღუდვების გამო რომ მის მიმართ ხორციელდებოდა დევნა მისი საქმიანობიდან გამომდინარე. სწორედ ეს გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ის გაუჩინარებაც, რომელიც განხორციელდა იყო ნამდვილად უკანონო. ამაში ხელი ურევია როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების ასევე საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების,“-აცხადებს ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი რუსუდან მჭედლიშვილი.

Related posts