შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კახა კალაძე – საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩამობრძანდნენ

საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ხდება ეკონომიკური განვითარება.

„პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის – ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პოლიცია ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება, აზერბაიჯანის, სომხეთის, ამერიკის თუ სხვა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს საქართველოს პოლიცია ყოველთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს. ისინი ყოველთვის დგანან საქართველოს სადარაჯოზე, მშვიდობის სადარაჯოზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავისი სიცოცხლის ფასად მზად არიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს”.