ორსული ცოლის ცემისთვის ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურის მიერ სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე რ.ბ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 11 ნაწილით და მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის მაისიდან – 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყაჩაღობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ბ. მეუღლეს მ.მ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და მის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ბ. მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ორსულად ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა.
ვინაიდან რ.ბ. დღემდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, 2018 წლის 20 მარტს მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რ.ბ. – ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

 

წყარო: exclusivenews.ge

 

Related posts