გიორგი გახარია – არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული

არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, სოფელ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა. მან ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ კი გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა.

“მთვარია, რომ ჩვენ ოჯახს გვერდით ვედგეთ მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, მთავრობაც, თითოეული მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს გვერდით ამოუდგეს. გამიძიება მიმდინარეობს. ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.

მომხდარის გავრცელებისთანავე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ამოქმედდა ცხელი ხაზი, გაიმართა არაერთი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში; საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ყველა სახელმწიფო უწყება და სადამკვირვებლო მისია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტატუნაშილის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აქციაც კი გამართეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა და ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ დრო მისცა.

26 დღის განმავლობაში სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე არაერთხელ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

20 მარტს, ღამით კი, „წითელი ჯვრის” მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას გმობს.

გარდაცვლილ სამხედროს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

 

წყარო: InterPressNews.ge

 

 

Related posts