ივანიშვილის განცხადება 2015 წელს: უბედურება უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება. ის პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, თუმცა ჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდა, რომ “რაღაც უბედურება უნდა მოხდეს”, რომ დაბრუნდეს.


ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი და შესაბამისად, ოფიციალური პოლიტიკური საქმიანობა 2013 წელს დატოვა. 2015 წელს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მის მიმართ არსებული “ჭარბი ნდობის” გამო გადაწყვიტა.


“რამდენი დღეც ჭარბად დავრჩებოდი ხელისუფლებაში, მით ცუდი იყო საზოგადოების განვითარებისთვის, რამეთუ, ის ჭარბი ნდობა, რაც მე გამაჩნდა, არ უნდა დახარჯულიყო ეს ნდობა პრემიერმინისტრის პოსტზე, ან მთლიანად ხელისუფლებაზე, ან მთავრობაზე. ის ჭარბი ნდობა სწორედ მოადუნებდა და შეანელებდა მუხტის განვითარებას. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის მთელი საზოგადოება და არა ან მისი მთავრობა, ხელისუფლება, პრემიერი ან პრეზიდენტი”, – თქვა 2015 წელს ივანიშვილმა. მისივე თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლით საზოგადოების რიგითი წევრი გახდა და ამ “ჭარბ ნდობას” სწორედ საზოგადოებას მოახმარს.


“ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი და თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას. რაღაც უბედურება თუ დატრიალდა საქართველოში. ერთმა ექსპერტმა ისიც ბრძანა, მას არ უყვარს პოლიტიკაში და იმიტომ წავიდაო. მე, საერთოდ არ მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ რომ დაჭირდა ქვეყანას, მოვედი, მოვედი ყველაზე რთულ დროს. დღეს რა შემიშლის ხელს, რომ დავბრუნდე?”


ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ ინტერვიუს დროს მას კიდევ ერთხელ სთხოვა პოლიტიკაში დაბრუნების შანსებზე პასუხი გაეცა, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა:


“რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ამის აუცილებლობა გახდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ წამოვედი იმიტომ, რომ ვნებივრობ. მე ვაკეთებ გასაკეთებელს და აქ მეტი ფასი აქვს ჩემს ყოფნას იქ, სადაც ვარ დღეს, რომ მაქსიმალურად გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი”.


ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 2011 წელს დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა. 2013 წელს ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, თუმცა მოქმედი თანამდებობის პირები მუდმივად საუბრობდნენ მის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ოპონენტები კი მას ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ რეალურად, ქვეყანას სწორედ კვლავ ივანიშვილი მართავს. პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ივანიშვილი საჯაროდ თითქმის არ ჩნდებოდა. ის ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ნახეს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პანაშვიდზე. საზოგადოების ყურადღების ცენტრში კი ბოლო დროს განსაკუთრებით მოექცა აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან ასწლოვანი ხეების ამოთხრა და მის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადარგვა.






 

წყარო: netgazeti.ge

 

Related posts