ნიკა მელია – პრუწ ამბავი გააკეთა, არ მინდა დავიჯერო, რომ “ქართული ოცნების" მუქარამ გადააფიქრებინა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლით გაკვირვებულია. მისი შეფასებით ქვეყნის პირველ პირს მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებზე არ უსაუბრია.


როგორც მელიამ “ტვ. პირველის” ეთერში განაცხადა, არ უნდა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” მუქრის შემდეგ შეცვალა ტონალობა.


“უჩვეულოდ მოკლე გამოსვლა იყო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნებოდა რიგით მეხუთე ანგარიშში მოგვესმინა სად ვართ, სანამდე მოგვიყვანა “ქართული ოცნების” მმართველობამ, როგორ ფორმაშია სახელმწიფო და სხვა სახელისუფლებო შტოები, ამ ყველაფერზე ჩემდა გასაკვირად, საუბარი ან საერთოდ არ ყოფილა, ან გაკვრით იყო საუბარი. მაგალითად, ძალიან გამიკვირდა როცა პრეზიდენტმა თქვა, რომ რიგ მედია საშუალებებს აქვთ განცდა, მოლოდინი სტრესისა, თითქოს არ ვიცით, რამდენიმე მედია-საშუალება რომელიც ამ სტრესულ ვითარებაში ცხოვრობს რამდენიმე წელიწადია”- განაცხადა ნიკა მელიამ.


მისივე შეფასებით, მარგველაშვილის, როგორც პოლიტიკოსის უნარ-ჩვევებზე მაღალი წარმოდგენის არასდროს იყო.

“ის ქვეყნის პრეზიდენტია და ვცემ პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ის რაც მან დღეს გააკეთა წარმოუდგენელია – 5 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და “პრუწ” ამბავი გააკეთა, მეტი არაფერი გაუკეთებია, არ ისაუბრა მთავარ გამოწვევებზე… კრიტიკულზეც არ არის საუბარი, არაფერი არ ყოფილა. რეალურად რაღაცაშია საქმე, არ მინდა დავიჯერო, რომ “ქართული ოცნების” მუქარამ გადააფიქრებინა (კრიტიკა)”- თქვა მელიამ.


მისივე განცხადებით, ქვეყნის პირველ პირს მთავარ გამოწვევაზე – სიღარიბეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს.


“სიღარიბის გარშემო არ უნდა ესაუბრა ვრცლად?! ქვეყნის არაფორმალურ მმართველზე ერთი სიტყვაც არ უნდა ეთქვა?!”- დასძინა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.







 

წყარო: 2020news.ge

 

Related posts