რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვების გაშლას იწყებენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქტივისტები დაპირებისამებრ კარვების გაშლას იწყებენ. აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს არაერთხელ მოუწოდეს, რომ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა. მას ამისთვის ათ საათამდე მისცეს დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარვების გაშლა დაანონსეს.


პრემიერ-მინისტრმა აქტივისტების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება. შესაბამისად, აქტივისტები პირობის შესრულებას იწყებენ და კარვებს შლიან.


გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, განცხადება გააკეთა კახა კალაძემ. მან აქციის მონაწილეებს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კლუბ ბასიანთან და კაფე გალერისთან ჩატარებული სპეცოპერაცია ღამის ეკონომიკასა და ქვეყნის იმიჯს ვერ დააზარალებს.


“არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე გთავაზობთ, ჩემო მეგობრებო, ჩემი დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზატორებს”, – აღნიშნა კალაძემ.


12 მაისის პარლამენტთან დაგეგმილი თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია 15 საათზე დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავენ.


12 მაისს ღამის პირველ საათზე შსს-ს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დაპირისპირებებისა და მოქალაქეების დაკავების ფონზე მიმდინარეობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: on.ge

Related posts