პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი პარლამენტთან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.


ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. როგორც აქციის მონაწილეებმა და თავად ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადეს, ისინი აქციის მონაწილეები არ არიან. ამ ინციდენტის შემდეგ აქციაზე „თეთრი ხმაურის” მოძრაობის ლიდერი ბექა წიქარიშვილი მივიდა. ამჟამად პარლამენტთან აქციის ოცამდე მონაწილე იმყოფება.


საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები უკვე აიღეს. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.


როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიცია ამ ქმედებით არღვევს კანონს და ისინი ცდილობენ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიონ. მათი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აყვნენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების” პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი”.


უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

Related posts