ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდასხმისთვის 22 წლის მამაკაცს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

22 წლის მამაკაცს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განუცხადა, აღნიშნული მამაკაცი დაკავებულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემდეგ სასჯელს:
1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.


2. იგივე ქმედება, ჩადენილი:


ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;


ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;


გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;


დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;


ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;


ვ) შეკვეთით;


ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;


თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ლონდა თოლორაიას შეფასებით, დღევანდელმა აქციამ ჩაიარა მშვიდობიანად და აქციის ყველა მონაწილეს მიეცა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებობა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

Related posts