თბილისის ვიცე-მერი: მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება, ცხენებით ვერ ვივლით

თბილისის ვიცე-მერი: მერიას ახალი მანქანების შეძენა 1 მილიონი ლარი დაუჯდება, ცხენებით ვერ ვივლით

 

თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას გამოეხმაურა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიის ხელმძღვანელობისგან ითხოვდა განემარტათ, რატომ იყო საჭირო მერიის ადმინისტრაციის ხარჯების 1 მილიონი ლარით გაზრდა, რომლითაც ახალი ავტომობილების შეძენა მოხდება.

მაია ბითაძის განმარტებით, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომობილები ჩამოსაწერი გახდება, სწორედ ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის კორექტირება მოხდა.

„ამ თანხით შევიძენთ ჰიბრიდულ ავტომობილებს, ძირითადი ნაწილი ამ ავტომობილებით ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომობილების ჩანაცვლება მოხდება. ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციები ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ დაემატათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი სამართალდარღვევების გამოვლენა, როგორიც არის ხმაური და ნარჩენებით დაბიძნურება. ასევე ზედამხედველობის დეპარტამენტის გარდა უამრავი საქალაქო სამსახურია, რომელთაც ესაჭიროებათ ავტომობილი სხვადასხვა საქმიანობის განსახორციელებლად, ესაა: მებაღეობა, დასუფთავება და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის. შესაბამისად, თუ ისმის კითხვა, რატომ გამოიყოფა თანხები ავტომობილის შესაძენად, შესაბამისად ისიც უნდა გავარკვიოთ, რა თანხები იხარჯებოდა მოძველებული ავტოპარკის რემონტისთვის. როდესაც მუნიციპალიტეტის მიმართ გვაქვს კითხვები, რატომ გვიანდება სამუშაოები, უნდა გვესმოდეს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან. მათ უნდა იარონ ავტომობილებით და ავტომობილი უნდა იყოს გამართული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ILIONI.GE

 

წყარო: news.coa.ge

Related posts