მამა შალვა კეკელია სალომე ზურაბიშვილზე – ე.ი გვეუბნებიან რომ გავჩუმდეთ?! – ჩვენ მარტო სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ!

ჩვენ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით არანაირ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მხოლოდ რეგულაციების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახდა საჭირო.

„ჩვენ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით, არანიარ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მივიღებთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობას მივიღებთ. კულტივაციაზე საპატრიარქოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ეკლესია მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მხედვითაც, ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს, მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ „ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დაუფიქრებლად გაკეთებული განცხადება“.

„როგორ შეიძლება ამაში ქალბატონ სალომეს დავეთანხმო? რას ნიშნავს ვერევით? – ჩვენ ვერევით ჩვენი ქვეყნის მომავალში, საუბარი იყო ჩვენი შვილების ბედზე. ჯერ იყო დეკრიმინალიზაცია, მერე ლეგალიზაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს მიუღებელი გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მიიღო და ამის შემდეგ უკვე კულტივაციაზე დაიწყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, ეკლესიას არ აქვს იმის უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და პოზიცია დააფიქსიროს? ეს არ არის პოლიტიკური ჩარევა, ეკლესია ფიქრობს თავის მომავალზე. ჩვენ მარტო სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს დიდი მნიშვლნელობა აქვს. ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებული დაუფიქრებელი განცხადება. ჩვენ გამოვედით და პროტესტი გამოვხატეთ საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების და მოსახლეობის გაფრთხილების უფლება გვაქვს, რა არის სწორი და რა არა. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც ქვეყანას ხვალ და ზეგ დაღუპავს, არ ამოვიღოთ ხმა და არ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით? ე.ი გვეუბნებიან რომ გავჩუმდეთ?! არ შეიძლება ისეთი კანონების მიღებისას გაჩუმება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, დაღუპავს. უკვე ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი არ შემცირდა მარიხუანას მომხმარებელი ადამიანების რიცხვი, გამრავლდა. როგორ შეიძლება ასეთ სახელმწიფოს ვენდოთ?!“ – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები საარჩევნო კამპანიაში “ამ დონით არ უნდა ერეოდნენ”. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კრიტიკული კომენტარები შეაფასა.

წყარო: new.ipn.ge

Related posts