21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

ღვთისმშობლობა ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლში, იმ ადგილას, სადაც არის: ქუჩაში, ტრანსპორტში და სხვა.

“ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს, მისი მადლი შეგეწიოთ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

sknews.ge

Related posts