სალომე ზურაბიშვილი: არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა. ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრისას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხზე და რელიგიურ განსხვავებულობაზე ისაუბრა.

„მე მეძახიან და ამბობენ, რომ კათოლიკი ვარ. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი, მაგრამ ეს რატომღაც ჰგონიათ ლანძღვის სიტყვა. როცა ეს არის პირიქით, ყველას უნდა პატივს ვცემდეთ, მიუხედავად ყველას რელიგიისა. საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართვას ადგილობრივი რადიო NOR ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში გამოსვლისას ეთნიკურად სომხების მოქალაქეობის საკითხზეც ისაუბრა. „ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ“, – მიმართა ნინოწმინდაში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი ინიციატივა იყო ორმაგი მოქალაქეობის საკითხი და ამის შედეგად, ეთნიკური სომხებიც შეძლებენ ერთდროულად საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეობას. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ იქაურმა მოსახლეობამ „ელამენტარული ქართულით ისაუბროს“.

წყარო: liberali.ge

Related posts