მითხრეს ხმა მიეცი “ოცნებას” თორემ დახმარებას მოგიხსნითო – მგელაძეების ოჯახი “ქართულ ოცნებას” ზეწოლაში ადანაშაულებს

მუქარა მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციიდან – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში მცხოვრები მგელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი ,,ქართული ოცნების” შტაბის წარმომადგენლების მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

მათი თქმით, რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. მგელაძეები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ.

„ოცნების“ ხალხი შტაბიდან იყო მოსული და მითხრეს რომ ხმა “ოცნებას” უნდა მისცეო, თუ არ მისცემ დახმარებას მოგიხსნითო. ხმას მე ვისაც მინდა იმას მივცემ,“-ამბობს რევაზ მგელაძე.

პოლიტიკური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” წევრი მამუკა კომახიძე ამბობს, რომ მგელაძეების ოჯახის გარდა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსაც აშანტაჟებენ.

კომახიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველები “ქართული ოცნების” მხრიდან მუქარაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ, თუმცა მუქარასა და შანტაჟს მასობრივი ხასიათი აქვს.

„სოციალურად დაუცველებს პირდაპირ ემუქრებიან ხმის სანაცვლოს , სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს რუსი ოლიგარქი აშანტაჟებს“-ამბობს კომახიძე.

,,ქართული ოცნების” შტაბში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ეს სიცრუე პასუხს არ საჭიროებს.

ავტორი : სოფო ჭულუხაძე

მითხრეს ხმა მიეცი "ოცნებას" თორემ დახმარებას მოგიხსნითო – მგელაძეების ოჯახი "ქართულ ოცნებას" ზეწოლაში ადანაშაულებს

Posted by Rustavi 2 on ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018

/rustavi2.ge/

 

Related posts