კობაურს ბრალი ლორა სმიტის გაუპატიურება/ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მის მკვლელობასაც ედავება. პროკურატურის ცნობით, ბრალის დამძიმება ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდა.

დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.

 

2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სმიტების მკვლელობა ორმა მისთვის უცხო პირმა ჩაიდინა.

წყარო: netgazeti.ge

Related posts