გადასახადის დაწესება ბიზნესისთვის – მოქალაქეები საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ

სოციალურ ქსელში დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ პეტიცია ვრცელდება – მოქალაქეები პენსიის იძულებით დაგროვებას ეწინააღმდეგებიან და რეფორმის შეჩერებას ითხოვენ.

პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც. დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარია შალვა ცხაკაიას თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ორგანიზაციულად მოუწესრიგებელია.

„პირველ რიგში, დღემდე არ არის ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაცემული. თუნდაც ელემენტარული პროცედურული საკითხები, რომლებიც დამსაქმებელს გვაინტერესებს – როგორ, რა ფორმით და რა რაოდენობით უნდა გადავიხადოთ საპენსიო შენატანები, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. თუკი პეტიციის ან საკონსტიტუციო სარჩელის გამო დროებით შეჩერდება აღნიშნული რეფორმა, ეს იქნება ჟანგბადი ბიზნესისთვის,“ – ამბობს ცხაკაია.

გრანდის დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია კი ამბობს, რომ ბიზნეს იძულებითი გადასახადის გადახდა უწევს.

„ეს არის იძულებითი გადასახადი, სადაც არ უნდა წავიდეს, ბიუჯეტში წავა თუ სხვაგან წავა, როდესაც გადასახადს გიწესებენ, ეს არის კანონის საწინააღმდეგო. ძალიან რთული არის ბიზნესის მხრიდან ამის ახსნა თანამშრომლებისთვის, რომ მათ უნდა დაუკავონ ხელფასიდან 2 პროცენტი,“ – განაცხადა ჭყონიამ.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ კრიტიკას საპენსიო სააგენტოს დირექტორი ეხმაურება.

„ყველას აქვს თავის აზრის გამოთქმის უფლება, მათ შორის, პეტიციისაც და მე არ ვფიქრობ, რომ ამ რეფორმას რაიმე საფრთხე ემუქრება ამ მხრივ. ჩვენი რეფორმა სტრუქტურირებულია და მოდელი არის ისეთი, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი… მე ვერ ვხედავ აქ რაიმე ღელვის საფუძველს,“ – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდა, სადაც 40 წლამდე მოსახლეობის ჩართვა სავალდებულოა.

 

წყარო: newposts.ge

Related posts