თაკო აბაშიძე: “ორი წელია, რაც ქმარს გავშორდი””

მსახიობ თაკო აბაშიძისა და რეჟისორისა და კარატისტის ლაშა როსტომაშვილის 6 წლიანი ოჯახური ცხოვრება დასრულდა. თაკო “სარკესთან” პირველად ყვება, რომ ის და მისი ქმარი ორი წელია ერთად აღარ არიან, თუმცა შვილს, 6 წლის ბარბარეს, არც დედის ყურადღება და სითბო აკლია და არც მამის.

– თაკო, საჯაროდ არასდროს გისაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ თქვენი ქორწინება დასრულდა. ეს სიმართლეა?

– უკვე ორი წელია, რაც მეუღლეს გავშორდი და ახლა მე და პატარა ბარბარე ვცხოვრობთ ერთად.

– თუ საიდუმლო არ არის, ოჯახის რღვევის მიზეზი რა გახდა?

– ეს არის თემა, რომელზეც არასდროს ვსაუბრობ და არც არასოდეს ვისაუბრებ იმიტომ, რომ ძალიან პირადია. ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს მის ოჯახთან, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ბარბარეს მამას. არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან დიდ ბედნიერებას ვუსურვებ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად იპოვის თავის ბედნიერებას, ისევე როგორც მე.

– ოჯახების დანგრევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ღალატია…

– არ მინდა ამაზე საუბარი.

– გაყრის პერიოდი მტკივნეულად გადაიტანეთ?

– ლევან, მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც რაღაცებს აკეთებენ და მერე განიცდიან. დეპრესიაში არასოდეს ვყოფილვარ. როცა რაღაც ეტაპი მთავრდება, ის უნდა გადაფურცლო და ახალზე გადახვიდე.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი და სხვისი შეცდომებისადმი, ადვილად შეგიძლიათ აპატიოთ?

– ადამიანი სანამ ცოცხალია, ის შეცდომებსაც უშვებს, კარგ საქმეებსაც აკეთებს და ცუდსაც. თითოეულმა ადამიანმა უნდა მოძებნოს თავისი ბედნიერება. თუკი რაიმე შეცდომა დაუშვით ცხოვრებაში, არ არის აუცილებელი, ამ შეცდომას ჩაუღრმავდეთ. მე ვისწავლე ის, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ და რაღაცების პატიება შეიძლება. ვისწავლე ისიც, რომ სანამ ცოცხალი ვარ, შეცდომებს დავუშვებ.

– მარტოხელა დედობა თქვენთვის მძიმე ტვირთია?

– არა, რადგან გათხოვებამდეც შემდგარი ადამიანი ვიყავი და გათხოვების მერეც. არავისზე ვყოფილვარ დამოკიდებული. “მარტოხელა დედა” – ამ სიტყვებს არასოდეს ვიყენებ საკუთარ თავთან მიმართებაში, რადგან ჩემ გვერდით იმდენად ბევრი თბილი, ტკბილი ადამიანია, ვერ ვიტყვი, რომ მარტოხელა ვარ.

ბარბარეს მამასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და დედასთანაც.

– როგორ გრძელდება თქვენი პირადი ცხოვრება, ახალი სიყვარულის მოლოდინში ხართ?

– სიყვარული ისეთი რამ არის… არ ვეთანხმები, რომ ამბობენ, სიყვარული ერთხელ მოდისო. სიყვარული იმდენჯერ მოვა, რამდენჯერაც შეგიყვარდება და ეს არ არის პრობლემა. რაც შეეხება შენს კითხვას, არ გაგცემ პასუხს, მოდი, ინტრიგა დავტოვოთ. პირად ცხოვრებაზე ბევრი ლაპარაკი სისულელეა, რადგან ზღვარი იკარგება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში ან არ ხდება, უბრალოდ ამ თემაზე არ ვლაპარაკობ.

– ჭორებზე როგორ რეაგირებთ?

– საკუთარ თავზე არასასიამოვნო ჭორი არ მომისმენია, შეიძლება მილიონში ერთხელ ყოფილა და არც მახსოვს. თუ კარგ რამეს მოიგონებენ, მოიგონონ.

– არც მაშინ ბრაზდებით, როცა თქვენს გარეგნობას განიხილავენ?

– თუ წონას გულისხმობთ, მე არ მაქვს ისეთი წონა, რომელიც შემაწუხებს. ძალიან თხელი და გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ. არ მომწონს გამხდარი ქალები, მგონია, რომ ოდნავი ფერ-ხორცი საკმაოდ სასიამოვნო და კარგია. არსებობს უამრავი პუტკუნა გოგო და არ მგონია, რომ ეს ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი უნდა იყოს. მე ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო და არაფრის შეცვლას ვაპირებ, არც მკვლელ დიეტებზე ვარ, არც პლასტიკურ ოპერაციებს ვიკეთებ, რადგან არ მჭირდება.

– საქართველოში ბევრი ცნობილი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ პოპულარობა ძალიან დამღლელია. თქვენც ასე ფიქრობთ?

– პოპულარობას ჩემთვის სიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია. მგონია, რომ სნობური მეტიჩრობაა, თითქოს ჩვენ არ გვაძლევენ ცხოვრების საშუალებას. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ქუჩაში მხვდება და მიღიმის.

– ჟურნალისტებს ხშირად გვადანაშაულებენ, რომ ზედმეტად ვერევით ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში. თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მასმედიის წარმომადგენლებთან?

– მე ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, რადგან დიდი როლი ითამაშეთ იმაში, რომ მე ვარ თაკო აბაშიძე. ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის პოპულარობაში დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი და ეს დასაფასებელია. ჟურნალისტთან არასდროს მქონია კონფლიქტი.

– თქვენს საქმიანობაში არის სიახლეები?

– რამდენიმე თვის წინ საკუთარი განცხადებით წამოვედი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიდან, სადაც რამდენიმე წელი ვმუშაობდი. “კომედი არხზე” ახალი სეზონი დავიწყეთ “ქალთა სახეებმა”, ოღონდ სახელი შეიცვალა და ახლა “გარეკილები” ჰქვია. წლებია “რუსთავი 2”-ში ვმუშაობ, ეს არხი არასოდეს დამიტოვებია. ასევე – დავბრუნდი რადიო “დარდიმანდში”.

 ლევან ქემოკლიძე, სარკე

Related posts