ეკა ბესელია კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების სიიდან ამოიღეს

მე მაინტერესებს, რატომ ვარ ამოღებული სიიდან, სადაც განსაზღვრული იყო, რომელი საკითხების მომხსენებელი ვიყავი სხდომაზე და ვინ გადაწყვიტა, რა საკითხებზე უნდა ვყოფილიყავი მომხსენებელი, – აღნიშნული კითხვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ დასვა.

მისი თქმით, გასვლით შეხვედრაზე, რომელიც დეკემბრის თვეში გაიმართა, სადაც განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა თემები და საკითხების მომხსენებლებიც, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე შეცვლილია.

“დეკემბერში განვსაზღვრეთ… ამის შემდეგ 15 თებერვალს მე მივიღე დღის წესრიგი, სადაც შეცვლილი იყო ის, რაზეც შევთანხმდით დეკემბერში. მე პასუხი ელექტრონული ფორმითვე დავაბრუნე და მოვითხოვე შეთანხმებულ საკითხებზე ვყოფილიყავი ისევ მომხსენებელი, ამის შემდეგ თავიდან გადმომეგზავნა ისევ დღის წესრიგი, სადაც ჩემი მოთხოვნა გათვალისწინებული არ იყო და იგივე ვერსია იყო, რაც დღეს აქ არის დარიგებული. ვინ გადაწყვიტა ეს?! – ამ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი. ამ ახალი დღის წესრიგით ვარ ოთხი საკითხის მომხსენებელი, მათ შორის დაგიმატებიათ იარაღის შესახებ პროექტი. მე მაშინაც ვთქვი და ვიმეორებ, მე არ მიყვარს იარაღი, არ მომწონს ეს თემა და არც ვიცი ეს საკითხი კარგად, სხვა ტიპის იარაღს ვცნობ – უფრო პოლიტიკურს და სამართლებრივს. არ ვიცი ამ კანონპროექტს რატომ მიმაწერეს საერთოდ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და სხდომიდან წამოსულ რეპლიკაზე, რომ კარგი იქნება, თუ ისწავლის აღნიშნულ თემას, ბესელიამ უპასუხა: “სხვა რაღაცების სწავლა სჯობს, ეგ ვისაც სჭირდება იმან ისწავლოს“.

ამასთან, ბესელია კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რატომ იყო მისი გვარი ამოღებული ისეთი საკითხების მოხსენებიდან, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, სასამართლო სისტემა, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხებიდან.

ipn.ge

Related posts