შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გასულ წელს საშუალო ხელფასი საქართველოში 1 543 ლარს შეადგენდა

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით (238.5 ლარით) გაიზარდა და 1 543 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2022 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 49.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით).

„2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების – 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.1 ლარი (18.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2021 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 18.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 285.6 და 1 675.1 ლარი შეადგინა.

2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 258.3 ლარით (19.2%) გაიზარდა და 1 605.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 113.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 52.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 601.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 10.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2022 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 195.5 ლარით (15.9%) და 1 423.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.