ვერ ეგუებოდა რომ მეგობარი უკვდებოდა – კახეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

კახეთში ორი დღის წინ მომხდარ ავარიაში გარდაცვლილი 23 წლის ალეკო შერმადინი, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა, ქალაქ რუსთავის მკვიდრი აღმოჩნდა. ავარიის დეტალებზე, რომლის შესახებაც „პრაიმტაიმი“ წერდა, მეგობრები „ინფო რუსთავს“ უყვებიან.

არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში “ოპელის” მარკის ავტომობილით 26 და 27 წლის მამაკაცები გადაადგილდებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს დაეჯახა. ავარიაში მოყოლილები ალეკო შერმადინის მეგობრები იყვნენ. ის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საკუთარი ავტომობილით მივიდა.

“27 წლის მამაკაცს სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენის შანსი დაბალი იყო, თუმცა ალეკო ვერ ეგუებოდა რომ მეგობარი უკვდებოდა და ამიტომ იფიქრა, იქნებ სასწრაფო გზაში შემხვდეს და დაგვეხმარება, თუ არა და მე მივიყვან საავადმყოფოშიო.

ალეკო ჩქარობდა და სწორედ ამ დროს, სოფელ ზემო ქედში ის, “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილით ბეტონის ბოძს დაეჯახა, რა დროსაც, ადგილზევე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცოცხალს ვერც მის მეგობარს მიუსწრო.” – ყვებიან მეგობრები.

ალეკო შერმადინს მეუღლე და 4 წლის შვილი დარჩა.

პირველი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 26 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში იმყოფება.

წყარო: primetime.ge

Related posts