ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ამერიკელები გადაარჩინეს

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის სიახლოვეს, ქართველმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი – 22-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედროებმა, გასულ კვირას თალიბების მორიგი თავდასხმის დროს, ამერიკელი სამხედროები აფეთქებისაგან იხსნეს, – თალიბები ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ჯავშანკოლონას დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია  აცხადებს, რომ ადგილი, სადაც თალიბების მხრიდან მორიგი შეტევა მოხდა, ყველაზე სახიფათო ზონას წარმოადგენს.

„უცხოური წყაროები ამას რატომღაც არ აღნიშნავენ, თუმცა ეს იმდენად ტაქტიკური ტიპის ამოცანა იყო, რომ შესაძლოა უბრალოდ ხაზი არ გაუსვეს. სამი ლოკაციაა, სადაც ქართველო სამხედროები არიან განლაგებულნი. ყველაზე სახიფათო სწორედ ბაგრამის ზონაა და ამ ზონაში რიგითი ტიპის ოპერაცია ჩატარდა. ეს არ იყო ფართომასშტაბიანი, არამედ ტაქტიკურტი ოპერაცია გახლდათ, რომელსაც თალიბები საკმაოდ ინტენსიურად და ხშირად ატარებენ,” – აღნიშნავს მაისაია.

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებას კოლონაზე თალიბების ქვეითი ჯგუფების შეტევაც მოჰყვა. ამასთან ერთად, კარგად იყო შერჩეული თავდასხმის ადგილი. თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად, კოლონაში მყოფი ამერიკული ჯავშანმანქანა „მაქსპრო” აალდა, სადაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან სამი სწორედ ამ მანქანაში იჯდა.

ქართველმა სამხედროებმა, კოლონაში მყოფ სხვა ამერიკელებთან ერთად, თალიბებს ცეცხლითვე უპასუხეს და სწორედ ამ მოქმედებების წყალობით აფეთქებულ „მაქსპროში” მსხდომი ამერიკელები გადარჩნენ.

ამერიკელებისა და ქართველების გარდა, ტერორისტებთან ბრძოლაში ავღანეთის არმიის სახმელეთო და საავიაციო ჯგუფებიც ჩაერთვნენ – იუწყება სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია.

„გულწრფელად ვლოცულობ იმ ამერიკელთა ოჯახებისთვის, რომელთა წევრებიც ბაგრამთან ახლოს დაიღუპნენ და ვგმობ ამ საშინელ ტერორისტულ აქტს. ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში სიცოცხლე გაწირეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ტერორისტების ასეთი მხდალი მოქმედებები ვერ შეუშლის ხელს ჩვენს საბოლოო მიზანს, დავამყაროთ მშვიდობა,” – წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც: „სამწუხაროდ, ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ამასთან, მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან. ეს არის საპასუხისმგებლო მისია და ხედავთ, თუ რამხელა საფრთხესთან უწევთ გამკლავება ქართველ სამხედროებს და მათ პარტნიორებს,” – აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ მაისაია ავღანეთში ქართველი სამხედროების განლაგებასა და ფუნქციაზე საუბრობს.

„საუბარია, დაახლოებით 4-კაციან ჯგუფზე; ერთი არის შაჰიდი, რომელიც გამრღვევის ფუნქციებს ასრულებს, დანარჩენი სამი ადამიანი შეტევაზე მიდის, თუმცა ეს ფართომასშტაბიანი ტიპის ოპერაციად არ ითვლება. ჩვენი სამხედროები ახორციელებენ ძალიან მცირე რადიუსის პატრულირებას და ძირითადად დაკავებულნი არიან ლოჯისტიკური მხარეების დაცვით.

„ქართველები ინტენსიურად არ არიან ჩართული საბრძოლო ოპერაციების გახორციელებაში. ამას ამერიკელები და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ახორციელებენ. ჩვენებსაც აქვთ საყარაულო და დაცვის ფუნქციები, რომელიც, წესდების მიხედვით, საბრძოლო ამოცანებია.

„ამ შემთხვევაში მათ მოახერხეს ამ სამკაციანი ჯგუფის ბლოკირება, არ მისცეს საშუალება, რომ ის უპირატესობა განევითარებინათ, რაც შაჰიდის მიერ კონკრეტულ ობიექტზე შეტევის განხორციელებას გამოიწვევდა,” -აცხადებს ის.

მაისაია თალიბანის მოძრაობის მნიშვნელობაზე საუბრობს; მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი 2001 წელს, ფაქტობრივად, დაემხო, ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულმა მოძრაობამ გაძლიერება შეძლო, – თალიბებს უფრთხის, როგორც ამერიკული, ასევე რუსული მხარეც.

„თალიბანი არაფორმალურად, ფაქტობრივად, ავღანეთის ტერიტორიის 70%-ს აკონტროლებს. დღეს კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბებმა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი ბი-52 ჰელმანდის პროვინციაში ჩამოაგდეს. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თალიბებმა მალე შესაძლოა ხელისუფლებაც კი შეცვალონ.

“ის ფაქტი, რომ ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი დოჰაში (ყატარი) თალიბებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, ნიშნავს, რომ ამერიკელები მზად არიან თალიბებთან რაღაც ტიპის გარიგებაც კი დადონ.

„ავღანეთში საკმაოდ სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებად გადაიქცა თალიბანი და ფაქტობრივად, ისინი უკვე გადავიდნენ ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის ოპერაციაზე, რასაც თალიბები საკმაოდ ინტენსიურად აწარმოებენ. ეს უკვე სერიოზული ზეწოლაა, რასაც ისინი აწარმოებენ. თალიბებთან ბრძოლა ეს, სამწუხაროდ, იოლი საქმე არ არის.

„თალიბანი სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს თალიბები დაამხეს, ამ 18 წლის განმავლობაში შეძლეს, საკმაოდ ძლიერი სამხედრო-პოლიტიკურ ძალად გადაქცევა. მათ მხარს უჭერს პაკისტანის არაოფიციალური წრეებიც.

„თალიბები თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას აწარმოებენ, როგორც ამერიკულ, ისე რუსულ მხარესთან. რუსული მხარეც იძულებულია თალიბებთან გარკვეულ გარიგებებზე წავიდეს. თურქმენეთისა და უზბეკეთის მთავრობა არაფორმალურად შეთანხმებულები არიან, მათთან გარიგებებზეც კი მიდიან. თალიბების აქტიურობა აშკარაა, რაც დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალურია,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

წყარო:რეზონანსი

Related posts