ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 6,608 ადამიანი გარდაიცვალა

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6,608 ადამიანი გარდაიცვალა და 85,946-მა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ეს მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, საგზაო უსაფრთხოების პროექტის „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. იკლო სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტულმა მაჩვენებელმაც.

2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, დღეს კი 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 5,000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება, მათ შორის 2,100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი.

imedinews.ge

Related posts