გაძვირდება თუ არა პური საქართველოში?

primetime.ge ხორბლის და შესაბამისად პურის ფასის ზრდა საქართველოში რუსეთის ბაზრის ფასებზეა დამოკიდებული. რადგან, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 90% სწორედ რუსეთიდან შემოდის. რუსეთში კი ხორბლის ფასი ბოლო დღეებში თითქმის 10 პროცენტით გაძვირდა.

height=500შესაბამისად, გაძვირდება თუ არა ხორბლის და პურის ფასი საქართველოშიც?

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ხორბალზე ფასის ზრდას არ გამორიცხავს და განმარტავს, რომ ამ მხრივ მოლოდინები ნეგატიურია. თუმცა, ლევან სილაგავა განმარტავს, რომ ფასის ზრდის შემთხვევაში, ცვლილება დრამატული არ იქნება. ისე, როგორც ეს მოხდა დეკემბერში, როდესაც ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37 ლარიდან -50 ლარამდე გაიზარდა. პური კი 10 თეთრით გაძვირდა.

„დღესდღეობით, გარკვეულწილად ხორბლის მარაგები არის. შესაბამისად, თუ ხორბალსა და ფქვილის ფასზე ცვლილება მოხდა, არ ველოდებით, რომ ეს იქნება დრამატული სხვაობით. ყველაზე ნეგატიური მოლოდინის შემთხვევაში, ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 1, მაქსიმუმ 2 ლარის ფარგლებში მოიმატებს“,- აცხადებს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

მისივე განმარტებით, იმისთვის რომ ქვეყანამ ხორბალზე სამომავლო ფასის ზრდა თავიდან აირიდოს, აუცილებელია ბაზრის დივერსიფიკაცია. ანუ ეს მარცვლეული საქართველომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც უნდა შემოიტანოს.

„დღეს, სამწუხაროდ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე- რუსეთზე ვართ მიბმული. აუცილებელია მოთამაშეებად შემოვიდეს უკრაინა და ყაზახეთი, როგორც ეს იყო 3-4 წლის წინათ. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს ხორბლის მარაგი. ეს არის ერთგვარი დაზღვევა, რომ სტაბილური ფასი შევინარჩუნოთ. სხვა შემთხვევაში, გახსოვთ შარშანდელი მაგალითი, როდესაც დეკემბრის თვეში ერთ ტომარაზე ფასის 11 ლარიანი ცვლილება გვქონდა.

ხორბლის მარაგების აუცილებლობაზე საუბრობს „პურპროდუქტების ასოციაციის“ ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც. მისი განმარტებით, საჭირო მარაგების არსებობის შემთხვევაში ხორბალზე და პურზე ფასის ზრდის საშიშროება აღარ იქნება.

ხორბლის საჭირო მარაგი რომ იყოს, გვეცოდინებოდა ამ პროდუქტის გარანტირებული ფასი წლის განმავლობაში. მარაგის საკითხი არის რეალური პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ხორბლის ფასის ზრდას უნდა ველოდოთ. მართალია, ამ მარცვლეულზე რუსეთში ფასი გაიზარდა, თუმცა ეს ტენდენცია დაფიქსირდა სტავროპოლსა და კრასნოდარში. რუსეთის იმ რაიონებში კი, საიადანაც საქართველოს ხორბალი შემოაქვს ფასი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი“, – განაცხადა „პურპროდუქტების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.

საქართველოს წლის განმავლობაში 800 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. ქვეყანა ძირითადად იმპორტირებული ხორბლით მარაგდება. საქართველოში ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის.

წყარო: primetime.ge

Related posts