9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე განაჩენი 27 მაისს გამოცხადდება

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე განაჩენი 27 მაისს გახდება ცნობილი.
როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვაში ყურადღება ყველა იმ მტკიცებულებაზე გამახვილდა, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი.
“სასამართლოსგან ბრალდებულ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობა მოვითხოვეთ წარდგენილ ორივე ბრალდებაში. ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. გვაქვს იმედი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც აშკარა, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.
ცნობისთვის, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა.
შეგახსენებთ, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა. რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

2020news.ge

Related posts