ვარკეთილში წუხელ მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში წუხელ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, აფეთქებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გვიან ღამით დაინახეს, როგორ დაადეს ერთ-ერთ კაცს ხელბორკილი და საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ კაცი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ის სავარაუდოდ, იყო ნასვამი და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ხელა უშლიდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი, 18 წლის კაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

imedinews.ge

Related posts