მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელი გორში ერთ-ერთ ქუჩას დაერქმევა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის ნანიკო ბერიაშვილის სახელის დარქმევის საკითხს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

გასული წლის ოქტომბერში მოკლული 9 წლის გოგოს სახელის მინიჭების ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის სურვილით დააყენა. პროექტი მომდევნო კვირას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სახელის მინიჭებაზე უკვე სპეციალური კომისია მიიღებს.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილი გოგს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ნანიკოს სახელობის სკვერის მოწყობასაც გეგმავს.

„ოჯახის სურვილი იყო და სხდომაზე ინიციატივა წარვადგინე. ამ ტკივილს ოჯახს ვერ შევუმსუბუქებთ, მაგრამ ბავშვის სახელი დარჩება ამ ქუჩას. ეს იყო ძალადობა და ნანიკო ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვფიქრობ, ყველას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა და ყველამ, მათ შორის ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, რომ მომავალში მსგავსი საშინელება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი სამართალდამცველებმა ის სასტიკად მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. სასამართლომ ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

imedinews.ge

Related posts