16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამშენებლო კომპანიის დირექტორ​ის შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან, რომელზეც ჯერ კიდევ არაა დადასტურებული მიუძღვის თუ არა მასში რაიმე ბრალი შიშუ პალს.სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა. აშკარაა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატი ბაჩუკი ქირია განმარტავს, დაღუპული არასრულწლოვანი მუშა იმ კომპანიის დაქირავებული არ ყოფილა, რომელსაც შიშუ პალ ბურდაკი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, მუშებს ობიექტზე შესვლისა და დემონტაჟის დაწყების უფლებაც არ ჰქონდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია სახელმწიფო ბრალდება. პროკურორ ირაკლი ქარდავას თქმით, ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები.

„ბრალდებულს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, – განაცხადა ქარდავამ.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს.

სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 19 ივლისს დააკავეს.

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

imedinews.ge

Related posts