ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან – გრიგოლ ვაშაძე

„ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტიკური პატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი“ – ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ოქრუაშვილს არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს და ის რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და სახელმწიფოს ღირსებას იცავდა.

„საღამოს 7 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იცავდა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია, ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

primetime.ge

Related posts