ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს

ოზურგეთში, სამართალდამცველებმა ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ამის შესახ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი, ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

„ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები ადგილზე მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge

Related posts