სოფელ გუგუტიანთკარში უცხოელი დიპლომატები ჩავიდნენ

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რამდენიმე დღეა უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს, უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.

6 ელჩი და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე ეცნობა. გუგუტიანთკარში იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ვითარებას აკვირდებიან.

ოკუპანტები ე.წ. საზღვარს რკინის ბოძებით და მასზე დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერებით ავლებენ. მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები და სარწყავი სისტემა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები გააკონტროლებენ. მოსახლეობას რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანოს და მშობლიურ სახლებს გამოემშვიდობოს.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.

imedinews.ge

Related posts