შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, ხვალ, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იწვევს, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც “ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ხალხს”.

მან ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაინს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ასევე, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ლიდერს.

“დიდი სიამაყით და სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას. საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მე მინდა თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ,” – აღნიშნა პრემიერმა.

მან სტატუსის მოპოვება ასევე, “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს და პარტიის დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილს მოულოცა.

“მე მინდა მივულოცო ყველას.

მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება, ეს წარმატება. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებისა.

საქართველო დღეიდან არის ევროპული. ქვეყანა. ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი, – განაცხადა ღარიბაშვილმა.